თეა დარჩია: ყველაზე ხშირად სიკვდილზე ვფიქრობ

  • თბილისელები
  • 18 სექტემბერი 20:22, 2020 წელი

მოცეკვავე თეა დარჩია ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკაში ბლიც-ინტერვიუ სიყვარულისადმი მის დამოკიდებულებასა და ბოლო პერიოდში მთავრ საფიქრალზე საუბრობს.

თეა ამბობს, რომ მისთვის უპატიებელი შეცდომა არ არსებობს. სიყვარულში კი მეორე პირისთვის თავისუფლების მინიჭება მიაჩნია მთავარ ამოცანად.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– სიყვარული არის...


– ბოლომდე საკუთარი მეს გადახაზვა. შენი ეგოს, ამბიციების, თავმოყვარეობის, პატივმოყვარეობის დავიწყება და სხვისთვის სიცოცხლის ჩუქება. ეს ასე ქრისტემ ახსნა, სიკვდილზე წავიდა, რომ გადავერჩინეთ, ჩვენ კიდევ ამას ვერ ვაფასებთ...


– დრო და სიყვარული...


– ჩემს შემთხვევაში ძლიერდება, რადგან რაც მიყვარდა, როგორც მიყვარდა უფრო გამძაფრდა. მივხვდი, ზუსტად ის მიყვარს, რაც უნდა მყვარებოდა. ხშირად ყოფილა გულის ტკენა, იმედგაცრუება, მაგრამ პატიების ნიჭი, რომელსაც ღმერთი გაძლევს, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამით შენ გარშემო არავის და არაფერს კარგავ. სხვას რომ პატიობ, მაღლა ბონუსები გეწერება, რომელიც მიწაზე ცხოვრების შემდეგ გამოგადგება.


– ის, რაც უპატიებელია...


– ჩემთვის მსგავსი არაფერია, რადგან თავად იმდენი ცუდი გამიკეთებია და იმდენი შეცდომა დამიშვია, რომ უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე არ ვაპატიო.


– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...


– სიკვდილზე და თურმე, რა კარგი ყოფლა, ნაკლებ შეცდომას უშვებ. იმას ვაცნობიერებ, ხვალ შეიძლება, აღარ ვიყო და დღეს ისე უნდა ვიცხოვრო, გული რომ არ დამწყდეს.


– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...


– ჩემში მთავარი ცვლილება და მეტამორფოზა მაშინ მოხდა, როცა გადავწყვიტე, ეკლესიურად მეცხოვრა; როცა მივხვდი, რომ დანარჩენი ყველაფერი ამაოა. მოცეკვავისთვის ეკლესიური ცხოვრება რთულია, მაგრამ უკვე ათი წელია, ვცდილობ.

წყარო: თბილისელები