რა დაკარგეს თანამედროვე ბავშვებმა ? - კეკელიძის მოგონებები 90-იან წლებზე

  • facebook.com
  • 18 სექტემბერი 13:15, 2020 წელი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც  90-იანი წლების, იმ საყოფაცხოვრებო ნივთებზე წერს, რომელიც დღეს უკვე ხმარებაში აღარ არის და თანამედროვე ბავშვებს მასზე წარმოდგენაც არ აქვთ.

კეკელიძის აზრით, ადამიანები 90-იანი წელების საქართველოდან, განსაკუთრებულ პერიოდში ცხოვრობდნენ, რომლის შესახებაც მსოფლიოსთვის ამბის მოყოლა ღირს.


„ჩემი თაობის ადამიანებს, ადამიანებს თვალებში ოთხმოცდაათინების შესამჩნევი ტატუთი, იოლად ახსოვთ გაუქმებული ნივთების მუზეუმი.


უთო - ღუმელს ვადებდით და ასე ვახურებდით. ამის გამო ჟანგისფერი მუცელი ჰქონდა უთოს და ტანსაცმელსაც უზიარებდა. გაუთოებული ტანსაცმელს სამარკო ნიშანიც ეგ იყო.


რადიო, ხაზის რადიო - სადღაც კედლის მაღალ კუთხეში ეკიდა, უენო და გაშტერებული. გაწმენდით მაინც წმენდნენ, როგორც მავზოლეუმში დასვენებულ წარსულს, მაგრამ ეს რადიო მკვდარსაც არ ჰგავდა. ცოტა ხანში ასე გვეგონა - ისეთივე ნაწილი იყო ოთახის, როგორც რომ ჭაღი ან ფანჯრის სახელური. თავისთვის და აუცილებლად.


ტელეფონი, ხაზისვე ტელეფონი - ჰქონდა ათიდან ერთ მეზობელს და მეორე ათიდან ერთ მეზობელთან რეკავდა, სადაც ისედაც შეეძლო გადასვლა, თუმცა იმავდროულად იმავე კავშირში ჩართული იყო მესამე ათიდან ერთი მეზობელი, რომელიც მეოთხე ათიდან პირველ მეზობელთან რეკავდა და მათი ლაპარაკის მოსმენა, ცხადია, დიდად საინტერესო იყო პირველი ორისთვის. ხან, ღამის სიჩუმეში, ამ ტელეფონს მოკლე ზარით წამოაბოდებდა ხოლმე. არვინ იცის რას ნიშნავდა ეს ბოდვა, ეგებ რაღაც სიზმრის ნაწყვეტს. სიმზრისას, რომელიც აღარ ახდა.


ტელევიზორი - ტელევიზორს თავზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, მტვრის და მზის სხივების ფარად - მზე ეკრანს აფუჭებსო, ფერებს ურევსო. მზეს ეცინებოდა, რადგან ამ ტერიტორიებზე მოგზაურობისას, არასდროს ენახა ჩართული ტელევიზორი.


ხოლო სარეცხი მანქანა „ოკა“ ერთადერთი ცოტათი ცოცხალი მკვდარი იყო. მისი სიცოცხლე იმ დროის ამთვლელში შემორჩა, ტეტეკას რომ ვეძახდით, დედისგან უჩუმრად გადავწევდით და ტკ-ტკ-ტკ-ტკ. ერთი სიამოვნება იყო ამ ხმის მოსმენა, ამ ერთადერთი ტექნოლოგიური პულსის სრულიად უცნაურ, თითქოს ზღაპრულ სამყაროში, სადაც მოქმედი გმირები გაყინეს და ამაოდ ელიან გაცოცხლებას - მეცხრე ბლოკის ჯადოსნურ ჯოხს. ეს ტკ-ტკ-ტკ არის ჩემი ბავშვობა, ეს წუთნახევრიანი კავშირი ოცნებებთან, ეს გაუგებარი, ცოტა აკრძალული სიხარული.


არის ქვეყნები, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ბედნიერად. არის, სადაც ომში და ტყვიების ქარში.


ჩვენ ვცხოვრობდით სადღაც სხვაგან, შუაში თუ მიღმა. ამბავში, რომლის მოყოლაც მსოფლიოსთვის ღირს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com