• fortuna.ge
  • 00:00, 0000 წელი

– აუცილებლად უნდა გკითხოთ ოჯახის, შვილების შესახებ. ვიცი, რომ არ გიყვართ პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი, თუმცა მინდა მოკლედ ვისაუბროთ თქვენს შვილებზე. მოსწონთ მათ თქვენი თუნდაც ეკრანზე დანახვა?


– მყავს ორი შვილი, ბიჭი და გოგონა. ჩემი გოგონა 18, ხოლო ბიჭი 16 წლისაა. ერთი სკოლას ამთავრებს, მეორე კი მეათე კლასშია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი თეატრის ან იმ ფილმის დიდი თაყვანისმცემელია, რომელშიც ვმონაწილეობ, თუმცა მოსწონთ, რომ მათი დედა სპექტაკლებში თამაშობს. მათ ცხოვრებაში ისედაც არის მოცემულობა, რომ დედა მსახიობია, ამიტომ მათგან ზედმეტად დაინტერესებას ამ საკითხით არც ველი და არც ვითხოვ. შვილებს თავისუფლებას ვაძლევ. ჩემს შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, თვითონ აღმოაჩენენ ყველაფერს.


– მოდით, ვისაუბროთ თქვენი ბავშვობის შესახებ. ვიცი, რომ გინდოდათ, გამორჩეული ყოფილიყავით. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? როგორც ვიცი, მსახიობურ ნიჭს ბავშვობიდანვე ავლენდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს ტყუპ დასთან ერთად თამაშობდით..


– დიახ, ნამდვილად სწორი ინფორმაცია გაქვთ. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემს დას ალბათ თავსაც ვაბეზრებდი. მე მუდმივად ვთამაშობდი, მას კი რაღაც მომენტში აღარ უნდოდა თამაში. დიახ, მინდოდა გამორჩეული ვყოფილიყავი. შეიძლება ეს სამსახიობო ნიჭის გაუცნობიერებლობის მომენტი იყო, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ჩემს ბავშვობას ისე დავშორდი, რომ მხოლოდ მშობლები თუ რამეს ყვებიან, მაშინ ვიხსენებ. ახლა ჩემთვის ჩემი შვილების ბავშვობა უფრო ახლოსაა.


ნინო კასრაძე და გადაცემის წამყვანი თათა სადრაძე
– რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად, გინდათ რამე რადიკალურად შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში?


– ჩემი მთავარი ოცნებაა, ჩემმა შვილებმა და არა მხოლოდ მათ ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. მინდა, ჰარმონიაში იყვნენ მშვიდად და ბედნიერად. მათ ფსიქიკაზე ბევრამ რამემ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა, თუნდაც პანდემიამ. მინდა, რომ აქედან მხოლოდ გამოცდილება გაყვეთ და არა ტრავმა. მინდა მათ თაობას ჰქონდეს ბედნიერი ცხოვრება, ჩემს თაობას კი კარგი სიბერე.


– რაიმე ცხოვრებისეულ სიგიჟეს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც ჩაგიდენიათ?


– თუ რამე სიგიჟის ჩადენა მინდოდა ან ჩავიდინე, ყველაფერი მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე, მაგრამ არა ცხოვრებაში. ასე რომ, ცხოვრებისეულ სიგიჟეზე ვერ ვისაუბრებ.


– ვერც მისაღებ გამოცდებზე?


– ეს სიგიჟედ არ მიმაჩნია, უბრალოდ ჩავთვალე, რომ უნდა გამებრძოლა, ესაა და ეს.


– საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით, სად დაიბადებოდით? რომელ ქვეყანაში და დროში?


– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე იქ, სადაც დავიბადე და ვარ ის, ვინც ვარ. ბედნეირი ვარ, რომ ვიცნობ ჩემს მშობლებს, მეგობრებს…


– თეატრი, კინო თუ სერიალი?


– ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა. მე ვარ მსახიობი, რომელსაც თანაბრად აინტერესებს კინოც და თეატრიც. არ ვთვლი, რომ თეატრი უფრო რთულია, გააჩნია ფილმს და გააჩნია სპექტაკლს. უბრალოდ ჩემი აზრით, თეატრი გაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მოემზადო, გაიარო რეპეტიციები და საბოლოო შედეგამდე მომზადების შედეგად მიხვიდე მაშინ, როდესაც ფილმის კადრში შედიხარ და გარკვეულწლიად, მზა პროდუქტს აწვდი მაყურებელს. ასე რომ შესაძლებელია თეატრმა მსახიობს მისცეს ის, რასაც კინო ვერ მისცემს. თეატრში უფრო დიდი მნიშვნელობა ძიების პროცესს ენიჭება, კინოში კი საბოლოო შედეგს. სწორედ ამიტომ, თეატრის შემდეგ მსახიობს შესაძლოა კინო ეიოლოს. თეატრი კინოს გარეშე არსებობს, მაგრამ პირიქით არ მგონია. თეატრი ძალიან ხვეწს მსახიობს. ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებით ეს უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც ძალიან წარმატებული და აღიარებული კინომსახიობები მუდმივად უბრუნდებიან თეატრს. მიუხედავად ამისა, მე საკითხს ასე არ ვსვამ: კინო თუ თეატრი. მიმაჩნია, რომ დღეს მსახიობს ყველაფრის ფლობა უნდა შეეძლოს.


 


– მას შემდეგ, რაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდით, თქვენი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისედაც გიცნობდათ და ყველას უყვარდა თქვენი როლები. თქვენ რა მოგცათ სერიალმა?


– კამერასთან მუშაობის ფუფუნება. ამდენი დრო კამერასთან არ მქონია, მით უმეტეს ამდენ სიტუაციაში. წარმოგიდგენიათ, რამდენი როლი იყო ეს? ქალი დედა, ქალი მეუღლე, ქალი სამსახურში… ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამდენი ფილმია, ცალ-ცალკე რომ დავყოთ? სერიალი იყო უნიკალური შესაძლებლობა მუდმივი ტრენინგის და მუდმივად ფორმაში ყოფნის, ამას დავუმატოთ ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და არაჩვეულებრივი პარტნიორები. ყველაფერი, რასაც ქეთი წერდა ჩემთვის იყო ძალიან მისაღები და გასაგები და მე მასში მონაწილეობის მიღება მინდოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო და დიდი პროქტი ჩემთვის. ძალიან სასიამოვნო იყო შემოქმედებით ჯგუფთან და მსახიობებთან მუშაობა, ამან ბევრი რამ მომცა. თუნდაც ის, რომ ხალხმაც უფრო გამიცნო და არაერთი შემოთავაზებაც მივიღე…


– თუ არის თქვენს კარიერაში როლი, რომელზეც უარი თქვით, შემდეგ კი ინანეთ?


– ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, ვინაიდან ეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს, აწ. გარდაცვლილ მსახიობს, დათო იაშვილს ეხება. იყო ასეთი ფილმი, „ქაღალდის ტყვია“, რომელშიც შემეძლო მონაწილეობა და დღეს ძალიან ვნანობ, რომ ასე არ მოხდა, რადგან დათო ცოცხალი აღარ არის. ძალიან გამიხარდებოდა ერთად რომ გვეთამაშა ამ ფილმში და ეს დარჩენილიყო. თეატრში კი ვიყავით პარტნიორები და ბევრ სპექტაკლში გვითამაშია, თუმცა ფილმში არა. ეს არის ერთადერთი ფილმი, რომელშიც ვნანობ, რომ მონაწილეობა არ მივიღე.


– თუ გაქვთ ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი როლი, რომელიც სულ თქვენთან არის?


– ასე კონკრეტულად ერთ როლს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველაფერი მუდმივად იცვლება. იცვლება რეალობა, მოცემულობა, იცვლება სათქმელი და მისი თქმის აუცილებლობა. ვიცვლები მეც. სწორედ ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რომელიღაც როლი, რომელიც წარსულში ვითამაშე უფრო საყვარელია იმიტომ, რომ ის წარსულში იყო. შეიძლება, უკვე აღარ მაქვს ისეთი რანგის და დატვირთვის როლები, როგორიც ადრე, მაგრამ მე ვცდილობ შევიყვარო თანამედროვეობა, დღევანდელი დღე და არ მივტიროდე წარსულს.


 


– რის ან ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?


– ასე ვერ ვიტყვით, თუნდაც ამ პანდემიის დროს რამდენი რამის გარეშე ვიცხოვრეთ, რის გარეშეც ვერ წარმოგვედგინა. ჩემი მშობლები კარგა ხანს არ მყავდა ნანახი თუნდაც, მამას კარგა ხანია არ ჩავხუტებივარ.. მოდი ნუ ვიტყვით, რის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება, რომ მერე მის გარეშე არ მოგვიწიოს…


– მეუღლის შესახებ არასდროს გისაუბრიათ… სად უფრო მოსწონხართ მას, კინოში, თეატრში თუ სერიალში?


– ამაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ასე არ ვყოფთ ჩემს კარიერას. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც გვისაუბრია… ჩემი მეუღლე სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს, ის ხელოვანი არ არის. მართალია მის აზრს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ამის შესახებ არ გვისაუბრია.


– სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, ახლაც გადაღებიდან მოდიხართ…


– დიახ, ახლა დავამთავრე პროექტი, ამის შემდეგ მომიწევს საკმაოდ დიდი პაუზა, რადგან ჩემს შვილებთან მსურს ყოფნა. ვფიქრობ, ეს არ არის მნიშვნელოვანი რას ვგეგმავ ხვალ ან ზეგ. მთავარია იყოს მშვიდობა და ჯანმრთელობა, მერე კი ყველაფერი კარგად იქნება ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც.


– რას ნიშნავს თქვენთვის რუსთაველის თეატრი?


– ჩემი ცხოვრების 25 წელს. ეს არის ადგილი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სწორედ რუსთაველის თეატრში გავხდი ის, ვინც დღეს ვარ…


გადაცემის აუდიოჩანაწერი

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge