ცხომელიძის ჩანაწერები: ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ - სიცხემ მიმაგდო, სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე...

  • 16 სექტემბერი 20:15, 2020 წელი

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე უკვე 6 დღეა, რაც კოვიდადებითია. ცხომელიძე კლინიკიდან სტაციონარში გადაიყვანეს. ცხომელიძე იქ არსებულ მდგომარეობაზე, მედპერსონალასა და პაციენტებზე ინფორმაციას სოციალური ქსელით პერიოდულად ავრცელებს: 

ამჯერად, მან მეექვსე დღის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც გემოს დაკარგვაზე, დაავადებულთა რიცხვის გაზრდასა და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით მის გამხნევებას ცდილობენ.


„ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა.


სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.


ნინოს ვეუბნები, რომ ჩემი რეცეპტორია – კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. გუშინ სოფომ გველთევზით მომზადებული კერძი გამომიგზავნა, სულ ძალით გავასინჯე-მეთქი მითხარი როგორია – გველებს ნუ მაჭმევო – გვქონდა ერთი ხორხოცი.


გასინჯა ჩემი ხათრით, მაგრამ ვაი მაგ გასინჯვას. არ მოეწონა – მე კი არ მითხრა, თავის ვასასა შვილს ჩურჩულით მოახსენა ვიდეოზარისას, გუშინ არ შევიმჩნიე, ჰო და – გავიგე, ნინო.


ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე – მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%.


მედდა ლალი ახლა უფრო დიდ დისტანციაზე დარბის, გუშინ ერთი მთლიანი განყოფილება დაგვემატა. გახსნეს ორ ფრთიანი კარი და ალბათ 20 მეტრიანი დერეფანი, თავისი პალატებით შემოემატა ჩვენს ტერიტორიას.


უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია, ისევ იმას ვგულშემატკივრობთ ყველა და კიდევ პატარას, მეზობელი პალატიდან. წლის არაა, კარგია, როცა გაიზრდება ეს ამბები არ ემახსოვრება.


არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეალობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად… დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.


„რეზო და ბავშვების“ რეზომ 4 ახალი ტრეკი გამომიგზავნა, ინჰალაციისას ვუსმენ ხოლმე ყურსასმენებში, წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალიან და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე“, – წერს ცხომელიძე.


ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, 11 სექტემბერს PCR ტესტით ვირუსი დაუდასტურდა.