კაბუ: ვერ გავიგე, მარტო ყოფნა ჯობია თუ „ტვინის ბურღვა“

  • თბილისელები
  • 15 სექტემბერი 13:45, 2020 წელი

ხუთი წლის შემდეგ რეპერი კაბუ (კახა აბუაშვილი) საქართველოში დაბრუნდა. ის წლების წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა. როგორც ამბობს, ყველაფერი მოაგვრა და სამშობლოში დაბრუნდა.

კაბუ, საფრანგეთში განვლილ პერიოდზე, ახლანდელ მდგომარეობასა და პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– საფრანგეთის პერიოდიც გავიხსენოთ.


– არაფერია გასახსენებელი. ჩავედი, ვიმკურნალე, ჩამოვედი. დამიჭირეს, ერთ წელიწადში გამომიშვეს. გაუგებრობა იყო.


– კარგი მოხდება თუ ცუდი, როცა გიცნობენ, ყველა განიხილავს. ამ ფაქტს მოჰყვა მტკივნეული და არასასიამოვნო კომენტარები?


– ადრე მხვდებოდა ხოლმე გულზე, ახლა – აღარ. გაბოროტებულ ადამიანს რატომ უნდა უსმინო?! ილაპარაკონ. მაგათ უყვართ ლაპარაკი და ხომ არ დავუშლი?! რაც არიან, იმას ლაპარაკობენ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე ვიცი, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ვინ რას მოიგონებს, არ მაინტერესებს, არ მანაღვლებს. საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას, არც ვკითხულობ. დადგნენ და მოიფხანონ ენა და გული. ვისაც ის სჯერა, რომ მე შემიძლია, წავიდე და ისეთი რამე გავაკეთო, რასაც მაბრალებდნენ, სჯეროდეთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ პატარა ტვინუკებში. ღმერთმა ქნას, აზრზე მოვიდნენ და გაიზარდონ. ვიღაცებს ისიც სჯერათ, აივნიდან რომ გადახტებიან, არ მოკვდებიან და მე სად ვდიო მაგათ. ვისაც ჩემი სჯეროდა, უნდა სჯეროდეთ, იმიტომ, რომ მიცნობენ. ძალიან მიხარია, რომ არიან და ყოველთვის იქნებიან ასეთი ადამიანები.


– არაა სასიამოვნო, მაგრამ ყველაფერი რაღაცას გვასწავლის. კაბუსთვის რისი მასწავლებელი იყო ეს გამოცდილება?


– ცუდი რაღაცები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, კარგსაც გაძლევს. ვამბობ ხოლმე, რაც უნდა ცუდი პერიოდი დაგვიდგეს, ადამიანმა საშენოდ უნდა გამოიყენო. ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც დადებითი უნდა მოძებნო, სხვანაირად შანსი არ გაქვს. ციხესაც და თავისუფლებასაც თავისი პლუსები უნდა მოუძებნო, რაც შენთვის იქნება სასარგებლო.


 


– პირად ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?


– არაფერიც არ ხდება. ჯერჯერობით არ მცალია მაგ ურთიერთობებისთვის. ჯერ არ მობრძანებულან გრძნობები და რომ მობრძანდებიან, მერე შეიტყობთ, დედას გეფიცებით. ახლა – არაფერი სერიოზული.


 


– კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობთ?


– რა ვიცი, მეორე ოჯახის შექმნაზე ნაღდად არ მიფიქრია. ალბათ, კარგია ეგ ამბავი, მარტო რომ არ ხარ, მაგრამ მარტო რომ არ ხარ, მერე უფრო ტვინის ბურღვაა (იცინის). ვერ გავიგე, რომელი სჯობია, მარტო რომ ხარ თუ ტვინის ბურღვა (იცინის). ყველაფერს თავის პლუსები და მინუსები აქვს და ამ ერთად ყოფნას, იმდენი მინუსი აქვს, რომ „მბრიდავს“ (იცინის). არა, ვხუმრობ. ძალიან მაგარია, როცა ადამიანი გყავს გვერდით, რომელსაც უყვარხარ, გიგებს და გიყვარს. ჯერ არა, რა ოჯახი, მერე, თუ ძალიან მოუნდება გულს, რაღაცას მოვიფიქრებ.

წყარო: თბილისელები