სიჭინავა: ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, როდის დავეცემი

  • თბილისელები
  • 15 სექტემბერი 11:27, 2020 წელი

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა 4 შვილის დედაა. ხატია ჟურნალ „თბილისელებთან“ მის ყოველდღიურ საქმეებზე საუბრობს. ამბობს, რომ ბავშვებთან ყოფნა რამდენადაც სასიამოვნოა იმდენად ემოციურად დამღლელია. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც ხატია სიჭინავა დედების შრომაზე საუბრობს:


- ბავშვის დაბადების შემდეგ, სამი თვე კიკეთში ვიყავით, ასე რომ, იქიდან დაიწყო ჩემი ოთხშვილიანობა და აგვისტოში ბათუმში წავედით. მგონი, კარგად ვუმკლავდები, მაქსიმალურად ჩართული ვარ ბავშვების აღზრდაში, გართობასა თუ განვითარებაში. ჩემი დღე იწყება ბავშვებით, შუადღეს – ისევ ბავშვები და საღამოს კვლავ ბავშვებით სრულდება (იცინის).


– არ გიჭირს გამკლავება?


– რომ არ ვიტრაბახო, ძალიან მიჭირს. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, როდის დავეცემი, საბოლოოდ როდის დამიჯდება ბატარეა-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით „ნონ სტოპის“ რეჟიმში მუშაობს. ბათუმში ბავშვს რომ დავაძინებდი, იმ დონემდე ვიყავი მიჩვეული ფეხზე დგომას და წინ და უკან სიარულს, ოთახში ვცემდი ბოლთას, როცა უკვე შემეძლო, წამოვწოლილიყავი და ფეხებს მაინც დაესვენა (იცინის). მუდმივი აქტიურობა ჩვევაში გადამივიდა. ოთხი შვილის დედობა არ არის ადვილი, არც სამის და თუ ბოლომდე ხარ ჩართული ბავშვის აღზრდაში, არც ერთი შვილის დედობა არაა მარტივი. დედობა პროფესიაა და ძალიან იღლები. რაღაც მომენტში, ყველა დედას სჭირდება დასვენება. ბათუმიდან რომ ჩამოვედი, ჩემს ქმარს პირველი ის ვუთხარი, რომ ორი დღით მარტო მე და ის უნდა წავსულიყავით სადმე – ფსიქოლოგიურადაც იღლები, მარტო ფიზიკურად არა. ოთხი მხრიდან რომ დედა, დედა გესმის და ყველა რაღაცას გთხოვს, ძალიან ძნელია. ჯერ პატარები არიან და მით უმეტეს, დიდ ენერგიას ითხოვენ. ნამდვილად არ ველოდი ჩემი თავისგან ამ ყველაფერს. ჩემმა მულმა მითხრა, პირველი შვილის მერე ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ გააჩენდი, ახლა რომ გიყურებ, თვალებს არ ვუჯერებო და შენ კი არა, მე თვითონ ვერ ვუჯერებ თვალებს-მეთქი (იცინის).


 

წყარო: თბილისელები