ბესო ზანგური: ცხოვრება ბოშათა ბანაკივით ცხრაჯერ დამეშალა

  • თბილისელები
  • 10 სექტემბერი 18:34, 2020 წელი

რუსთაველის თეატრის მსახიობი – ბესო ზანგური სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. მას არაერთხელ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება და საკმაოდ რთული გზა აქვს გამოვლილი თუმცა ოპტიმიზმს არ კარგავს.

გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან ამონარიდს, რომელშიც მსახიობი რთულ პერიოდებსა და მასზე დამოკიდებულებაზე საუბრობს.


– სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურებოდით და წარსულში თვითმკვლელობის მცდელობაზე წერდით. ფსიქოლოგიური მკურნალობა დამჭირდა და ანგელოზებმა დამაბრუნეს ციდანო, იხსენებდით.


– მოზარდობის პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს სუიციდისკენ მიდრეკილება. არაა აუცილებელი, ძალიან დიდი პრობლემა იყოს, მოზარდის ფსიქიკა იმდენად სათუთია, შეიძლება, ძალიან უბრალო მიზეზის გამო ჩაიდინოს სისულელე. ამიტომ თავიდანვე სწორად უნდა განვითარდეს ბავშვის ფსიქიკა. მშობელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მინდა, ყველას შვილს ბოდიში მოვუხადო, რადგან ასეთ საზარელ ეპოქაში ცხოვრობენ, ირგვლივ სიკვდილი მეფობს. რაც შემეხება მე, არ მახსოვს და არც მინდა ვთქვა, რა გავაკეთე. იმ პერიოდზე საუბარი არ მსურს, რადგან მხოლოდ მე არ მიკავშირდება. ჩემი მშობლების და დამამშვიდებლების დახმარებით ყველაფერი მოგვარდა. ეს არის ყოველმხრივ გაუმართლებელი საქციელი. ყველას ჰქონია სახლიდან გაქცევის ან თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ მე ყოველთვის მშობლები მედგნენ გვერდით. ბავშვის ყველაზე დიდი მეგობრები მშობლები უნდა გახდნენ. მე მათ გადამალახვინეს ეს ყველაფერი. როდესაც დიდი პრობლემა მქონდა, ყოველთვის დედასთან მივდიოდი, მასთან ვრჩებოდი და მეორე დღეს დადებითად დამუხტული მოვდიოდი, ის სულ სხვა გზას მიჩვენებდა. მე დედაჩემის ინტუიციას ბრმად ვენდობოდი.


– ბოშათა ბანაკივით ცხრაჯერ დამეშალა ცხოვრება და ცხრაჯერვე წარბშეუხრელად ავაშენეო – თქვენი სიტყვებია.


– ეს უკვე ის პერიოდია, როცა დედა გამიხდა ცუდად და ახალშეძენილი ბინა დავკარგე. თუკი რამე გამაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ. მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში დავრჩით 15 ლარით, მცირეწლოვანი შვილით და წასასვლელი არსად მქონდა. აღარც მანქანა, აღარც სახლი და აღარც წასასვლელი. მაგრამ დღეს უკვე აგარაკი გვაქვს. თუმცა, აქაც შეგვექმნა პრობლემები და ხელმეორედ დავკარგეთ ცხოვრება. ეს ყველაფერი მკურნალობის ხარჯებს უკავშირდებოდა. მაგრამ არასოდეს ისე არ დავცემულვარ, რომ არ გამეღიმოს და არ მეთქვას, რომ მე აუცილებლად გავიტან ჩემსას. კი, მითქვამს, „აღარ შემიძლია“, მაგრამ როცა ვხედავ, გვერდზე შვილებს სძინავთ, ვიცი, რომ გაიღვიძებენ, რაღაცას მომთხოვენ, „აღარ შემიძლია“ არ გამოდის. მე თუ რამე პრობლემა მაქვს, ამაში ჩემი ცოლი და შვილი არაა დამნაშავე. ისინი იმსახურებენ ჩემით ბედნიერებას, ჩემი უბედურებით სხვა არ უნდა გავაუბედურო, ამიტომ რამდენჯერაც წავიქეცი, იმდენჯერ ავდექი მათ გამო. როდესაც დედამიწაზე ბედნიერი დადიხარ, უბედურება ვერ გეკარება. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, შენ გიჟი ყოფილხარ, ძმაო, თუ უბედურების დროსაც ბედნიერად იღიმიო, მაგრამ არა, უნდა ჩაკეტო გულსა და სულში ბოღმის საკეტები. ყველაფერი უნდა გიყვარდეს და გაბედნიერებდეს და მაშინ აუცილებლად მოვა ბედნიერება.
მინდა, ყველა ბიჭსა და გოგოს ვუთხრა, რომ მხოლოდ სიკვდილს აღარ ეშველება. დედამიწაზე არ არსებობს სხვა პრობლემა, რომელიც არ გვარდება. ცხოვრება ბედნიერებაა და ყველა განსაცდელის შემდეგ ძალიან ლამაზი შეიძლება გახდეს. ახლა ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, გეგონება ღმერთმა მიგვატოვა, თითქოს, ბედნიერებამ დაგვტოვა და ეს უნდა დამთავრდეს.

წყარო: თბილისელები