რატომ არიან კარანტინში საზღვარგარეთიდან შემოსული ქართველები და არა უცხოელები?

  • 3 სექტემბერი 21:31, 2020 წელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას განმარტავს, თუ რატომ ხდება ისე, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე კარანტინს გადის, უცხოელი კი არა.

მისი თქმით, კარანტინმა ეპიდემიის შეკავებაში დიდი როლი ითამაშა, რამაც შეამცირა ეპიდსიტუაცია.


„კარანტინში 300-მდე ადამიანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ეს 300 ადამიანი კარანტინში რომ არ ყოფილიყო, გაამრავლეთ 3-4-ზე და იმდენ ინფიცირებას მივიღებდით. 


ამ დიფერენციას აქვს უხერხული მომენტი, რის გადახედვაზეც ვმუშაობთ, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს აუცილებელი იყო.


თვითიზოლაციაში სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამოქალაქეები, ყველა დარღვევა მოდიოდა ჩვენს მოქალაქეებზე და არა უცხოელებზე. ისინი არ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს.


ტურისტს მობილობა განსაზღვრული აქვს და იცის, სად უნდა წავიდეს, ბევრ ადამიანთან კონტაქტი არ აქვს. მე კი ქართველი, რომელიც გერმანიაში ვიყავი წასული, ჩამოსვლისას თითქმის მთელ სანათესაოს ვნახულობ და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი დიდია.  სწორედ ეს იყო ამის მიზეზი, თუმცა ამ რეგულაციის გადახედვაზე ვმუშაობთ.“- ამბობს ამირან გამყრელიძე.