არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, სიმკაცრით დაისაჯოს - ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე

  • 3 სექტემბერი 19:38, 2020 წელი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვიკატი მირიან ნიკოლაძე „ტვ პირველთან“ საქმეში დაკავებული ქალის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, საგამოძებო პროცესში ცრუ ჩვენების მიცემა არასწორი საქციელია, თუმცა ახალგაზრდა ქალის მთელი სიმკაცრით დასჯას არ მოითხოვს.


„მე ათასგზის ვახსენე, რომ ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა.


ყველას სურდა და დღესაც რამოდენიმე კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური დაინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მკვლელებს დააფარონ ხელი და მათ კონკრეტული ტელევიზიაც ეხმარებათ.


რაც შეეხება მოწმეს, არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება, დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის, ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- აცხადებს ნიკოლაძე.


ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი ქალი დააკავა.