როგორ იყიდა დათო ტურაშვილმა მუქთად წიგნები ლონდონში - სახალისო ამბავი

  • თბილისელები
  • 2 სექტემბერი 15:26, 2020 წელი

მწერალი დათო ტურაშვილი სახალისო ისტორიას ჰყვება. ამბავი ეხება წიგნების შეძენის პროცესს. მოკლედ თურმე ტურაშვილს ძალიან ძვირადღირებული წიგნები ესაჭიროებოდა. ინგლისში ყოფნისას მეგობარმა ადამიანი გააცნო, რომელმაც მისი რჩეული წიგნები ფაქტობრივად აჩუქა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა:


„ლონდონში რომ ვსწავლობდი, ერთ ქართველ მხატვარს დავუმეგობრდი, რომელიც იქ ცხოვრობდა. ლონდონი, შეიძლება ითქვას, წიგნების ქალაქია და მის ცენტრში უამრავი წიგნის მაღაზიაა, სადაც ნებისმიერ წიგნს იშოვი. თუმცა, წიგნებიც, ისევე როგორც ყველაფერი, ლონდონში ძალიან ძვირია. ათიოდე წიგნი აუცილებლად მჭირდებოდა. თუმცა, ისინი ძალიან ძვირი მიჯდებოდა და ეს გასაჭირი ჩემს მეგობარს შევჩივლე. მან კი მითხრა, ერთ ადგილობრივს გაგაცნობ, ვინც ამ წიგნებს ბევრად იაფად გაშოვნინებსო. მართლაც, გამაცნო ერთი ინგლისელი ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა: ჩამომიწერე შენთვის საჭირო წიგნების სია, მე ფასებს მივაწერო. წიგნების დასახელებები ჩამოვუწერე, მან კი თითოეულს ფასები მიაწერა. საერთო ჯამში ეს წიგნები იაფი მიჯდებოდა. ფასები მეც ვიცოდი და რომ დავხედე, გამიკვირდა: ზოგიერთ საკმაოდ იაფ წიგნს მაღალი ფასი ეწერა, ზოგიერთი ძალიან ძვირი კი, ფაქტობრივად, მუქთა გამოდიოდა. მე, რა თქმა უნდა, სრული თანხა გადავიხადე, თან ვკითხე, რა კრიტერიუმით აფასებდა ეს კაცი წიგნებს. მან კი მითხრა: მათი მოპოვების სირთულის კრიტერიუმითო.


საქმე კი ის იყო, რომ ის კაცი ამ წიგნებს მაღაზიებიდან იპარავდა და ზეპირად იცოდა, რომელ მაღაზიაში სათვალთვალო კამერა სად იდგა, რა მონაკვეთს მოიცავდა მისი თვალთახედვის არეალი და სირთულის კრიტერიუმიც სწორედ ის იყო.“

წყარო: თბილისელები