არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე სტიქიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა - კეკელიძე

  • 24 აგვისტო 10:15, 2020 წელი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სტიქიისა და უბედურების შემდეგ, ბუნებისა და ადამინის რეაქციაბზე და ზოგადად კანონზომიერების შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე სტიქიის ანაც ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. ახლობლის სიკვდილის მერეც ასეა. უფრო სწორედ, დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა.


ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: „გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი“. მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. „დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს“.


სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით“, - წერს გიორგი კეკელიძე.