ბავშვი ძაღლთან მოფერების მიზნით მივიდა, მაგრამ … - ვიდეო ვაშლიჯვარიდან

  • 4 აგვისტო 19:53, 2020 წელი

ძაღლების თავშესაფრის დირექტორმა თამაზ ელიზბარაშვილმა, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მიკედლებულმა ძაღლმა მოფერების მიზნით მისულ მცირეწლოვანს კბილი გაკრა, რის გამოც ცხოველი მონიტორინგის სამსახურმა მერიის თავშესაფარში გადაიყვანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ძაღლი დამნაშავეა, მაგრამ მისი მოკვლა დაუშვებელია.


„3 აგვისტოს საღამოს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც წლებია მიკედლებულია კასტრირებული ძაღლი სახელად ჟორიკა, ინციდენტი მოხდა. პატარა გოგონა, სავარაუდოდ მამასთან ერთად მოძრაობდა მაღაზიის წინ. გოგონა მივიდა ძაღლთან მოფერების მიზნით, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და კბილი გაკრა.


საბედნიეროდ გოგონამ მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ დიდი სტრესი და შიში. ჟორიკას საქციელს გამართლება არ აქვს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილო განაჩენისთვის ძალიან ცოდოა.


ძაღლი გადაყვანილია ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში და ელოდება განაჩენს. აქვე გთავაზობთ სათვალთვალო კამერის ამონაწერს, სადაც ეს ინციდენტი კარგად ჩანს,“ – წერს ელიზბარაშვილი.