რუსეთის დაზვერვა თალიბებს კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობაში გასამრჯელოს სთავაზობდა – კოალიციაში ქართველი ჯარისკაცებიც შედიან

  • pia.ge
  • 27 ივნისი 12:55, 2020 წელი

რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი თალიბანთან დაკავშირებულ ჯგუფებს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის გასამრჯელოს სთავაზობდა.

აღნიშნულ ბრალდებას აშშ-ში რუსეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა New York Times ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.


სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიკალური ისლამისტები და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული კრიმინალები თავიანთი ქმედებებისთვის დააჯილდოვეს. გასულ წელს ავღანეთში 20 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. უცნობია, რომელი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე.



უცხოური გამოცემის ცნობით, მკვლელობისთვის საიდუმლოდ შეთავაზებულ გასამრჯელოზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ. ძირითადად, ინფორმაცია თალიბების დაკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. კონკრეტულად ვინ დგას გასამრჯელოს უკან, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ამ ოპერაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ქვეგანყოფილების წარმომადგენლები უძღვებიან. დასავლეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს დანაყოფები დივერსიული მოქმედებებითა და მკვლელობებით აწარმოებენ კამპანიას დასავლეთის დესტაბილიზაციის მიზნით. 2018 წელს, სერგეი და იულია სკრიპალებზე თავდასხმაშიც ეჭვმიტანილები ამ ქვეგანყოფილების წარმომადგნლები არიან.


აშშ-ის ჯარისკაცების მკვლელობისთვის გასამრჯელოს შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინეს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. როგორც უცხოურ გამოცემაშია აღნიშნული, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა საპასუხო ქმედებები ოფიციალურ საპროტესტო აქციებს, სანქციებსა და სხვა ნაბიჯებს მოიცავს.


რუსეთის დაზვერვის სამსახურის მხრიდან კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობისთვის თალიბანისთვის გასამრჯელოს შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს.


კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობის ორგანიზება თალიბებისადმი რუსეთის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს, ისევე როგორც დასავლური კოალიციის ჯარებზე თავდასხმების პირველი ცნობილი შემთხვევა, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ, - წერს უცხოური გამოცემა.


აშშ-ში რუსეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გამოცემა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნული სტატიის გავრცელების შემდეგ რუს დიპლომატებს სოციალურ ქსელებში ემუქრებიან.


 
სრული ვერსიის ნახვა pia.ge