როდის გაიხსნება საცურაო აუზები - დარგის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა

  • pia.ge
  • 22 ივნისი 21:34, 2020 წელი

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

შეხვედრას ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.


შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ რეგულაციებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება.


„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა აღნიშნული სექტორის გასახსნელად. მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი, რომელიც 6 ივლისს უწევს, თუმცა თარიღის ცვლილება დასაშვებია. ბაზრობები, სალონები და სავაჭრო ცენტრები დაგეგმილზე ადრე გაიხსნა. ამავე დროს მთავრობა უფლებას იტოვებს შეზღუდვები 15 ივლისამდე გააგრძელოს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge