"ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება იყო, მისი აფეთქების საფრთხე აღიკვეთა"

  • pia.ge
  • 16 ივნისი 01:38, 2020 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს.


უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.


ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.


იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge