2015 წლის 13 ივნისს, როცა თბილისში მკვლელი სტიქია მძვინვარებდა, მოსკოვში ჯუნა დავითაშვილს ასაფლავებდნენ

  • funtime.ge
  • 13 ივნისი 19:11, 2020 წელი

არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედისწერა - ამ აღიარებული ექსტრასენსისა და ნათელმხილველი ქალის ცხოვრება ხომ ყოველთვის მისტიკურ საბურველში იყო გახვეული. 

ჯუნას ბიოგრაფიის ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ თბილისმა ქალის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა: რომ არა დიდება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოიპოვა, ოჯახურ გარემოში, ქმარ-შვილთან ერთად, მშვიდად იცხოვრებდა. აღიარების შემდეგ კი ჯუნას სულს სიმშვიდე აღარ ეწერა…

ასურელი ნათელმხილველი, მკურნალი, ასტროლოგი, პოეტი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი (ევგენია იუვაშის ასული სარდისი) 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში დაიბადა, ირანიდან ემიგრირებული იუვაშ სარდისის (ზოგიერთი წყაროთი – სარქისიანი) ოჯახში.

24 წლის იყო, როცა როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ თბილისს მოაშურა, თუმცა შესაბამისი სამსახური ვერ იშოვა და სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.

თბილისში პავლოვის ქუჩის 23 ნომერში ცხოვრობდა. სწორედ ამ ოროთახიან ბინაში მიიღო პირველი პაციენტები ჯუნა დავითაშვილმა.
მისი ბიოველი, როგორც ეს მოგვიანებით მოსკოველ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინეს, ასჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ბიოველს. 

თბილისში გაიცნო მომავალი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი ვიქტორ დავითაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა.

მამით ასურელი და დედით კაზაკი ჯუნა სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის – ვიქტორ დავითაშვილის გვარს ატარებდა.

ჯუნა ცდილობდა, დახმარებოდა ყველას, ვინც ამას საჭიროებდა. ჯუნას პირველ პაციენტებს შორის იყვნენ ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი.

ალტერნატიული მედიცინის შესაძლებლობები და ჯუნას ფენომენი შეუმჩნეველი არც მოსკოვში დარჩენიათ. 

1980 წლის აპრილში, 5 წლის შვილ ვახტანგთან ერთად, მოსკოვში გადაიყვანეს და ამ დროიდან, დავითაშვილის, როგორც მკურნალისა და ექსტრასენსის, სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ხდება.


სხვადასხვა დროს ჯუნა დავითაშვილთან მკურნალობდნენ: საბჭოთა კავშირის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევი და მიხეილ გორბაჩოვი; რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი; მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი; მსახიობები – რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ჯულიეტა მაზინა, არკადი რაიკინი; რეჟისორები – ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი; მომღერალი იგორ ტალკოვი და ბევრი სხვა.


იმ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი, რომლის ნახვის სურვილიც მოსკოვში გასტროლებზე მყოფმა მაიკლ ჯექსონმა გამოთქვა, ჯუნა იყო.


***
ექსტრასენს ჯუნა დავითაშვილს მედიცინის სფეროში 13 გამოგონება ეკუთვნის. მათ შორის უმთავრესი ბიოკორექტორი „ჯუნა-1“ იყო, რომელსაც გამოიყენებდა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის კარდიოლოგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და სხვა სფეროებში.


მეცნიერები, რომლებსაც ჯუნა დავითაშვილის უნიკალური შესაძლებლობები აეჭვებდათ, განუწყვეტლივ იკვლევდნენ მას. მათ განსაკუთრებით აოცებდათ, რომ ჯუნას ხელებს შორი მანძილიდან შეეძლო ადამიანის გათბობა. ამ ენერგიის წყალობით ჯუნა ავადმყოფებთან უკონტაქტო მასაჟის სეანსს ატარებდა. არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ის, რომ ეს ფიზიკური ზემოქმედება იყო და არა ჰოპნოზის გავლენა.

***
2001 წელს ერთადერთი შვილი ვახტანგი 26 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას შემდეგ, სიკვდილამდე ბოლო 14 წელი ჯუნდა განდეგილივით ცხოვრობდა. 


***

ცნობილი ექსტრასენსი 66 წლის ასაკში მოსკოვში, მაღაზიაში ყოფნისას ინსულტით გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვაც ისეთივე უცნაური იყო, როგორც ცხოვრება.
ვაგანკას სასაფლაოზე გამომშვიდობებისას მიცვალებულთან უკანასკნელად შეხებისას ჩოჩქოლი დაიწყო: ზოგმა ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო, ზოგმა - არაბუნებრივი სიმხურვალე. ერთ-ერთი მეგობარმა თითქოს მიცვალებულს სიცოცხლის ნიშნები შეამჩნია. ამას ქაოსი მოჰყვა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა..
ჯუნა დავითაშვილი რამდენიმე საათის დაგვიანებით საკუთარი შვილის, ვახოს გვერდზე დაასაფლავეს.


***
2015 წლის 13 ივნისს, ჯუნას დასაფლავების დღეს, თბილისში, რომელიც ჯუნასთვის მშობლიური ქალაქი იყო, ადამიანები სიკვდილს უყურებდნენ თვალებში. 
არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედისწერა, თუმცა მისი ცხოვრება ყოველთვის მისტიკურ საბურველში იყო გახვეული.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge