ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

  • სხვადასხვა
  • 11 ივნისი 12:19, 2020 წელი

აშშ-ში საპროტესტო აქციები არ წყდება. მინეაპოლისის მოქალაქეები დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.

ჯორჯ ფლოიდი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიბადა. ის იმ უბანში გაიზარდა, რომელიც ფერადკანიანთა თემის ცენტრად მიიჩნევა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამავე უბანში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე. აქ მღეროდა კანადელი რეპერი დრეიკი და 1990-იან წლებში თავად ჯორჯ ფლოიდიც, რომელიც ერთ დროს ჰიპ-ჰოპ ჯგუფის წევრი გახლდათ.


თუმცა, ისევე, როგორც თითქმის ყველა ამერიკულ ქალაქში, ჰიუსტონშიც იყო სიღარიბე, რასობრივი დაყოფა და ეკონომიკური უთანასწორობა. 1920-იანი წლებში სეგრეგაციით დაზიანებულ უბანში ბოლო წლებში ხშირი იყო ძალადობა და დაძაბულობა. მწვავედ იდგა საცხოვრებლის პრობლემაც.


ფლოიდი ნიჭიერ სპორტსმენად იზრდებოდა. სიმაღლეში 1.95 სანტიმეტრს აღწევდა. მეგობრები, რომლებიც ფლოიდს ბავშვობიდან იცნობენ, აცხადებენ, რომ ის ცნობილი იყო ზედმეტსახელით „ნაზი გიგანტი“. ფლოიდი თამაშობდა კალათბურთს და ამერიკულ ფეხბურთს. 1991 წელს მონაწილეობდა ტეხასის შტატის შიდა ჩემპიონატშიც. ის ჯონ ეიტსის სკოლის საფეხბურთო გუნდში ირიცხებოდა. შემდეგ კი ფლორიდის შტატში, ეივონ პარკში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯში კალათბურთელი გახდა. ის ტეხასში სწავლის დასასრულებლად დაბრუნდა, მაგრამ უნივერსიტეტის ხარისხი არ მიუღია.


ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი იწყება. ის რამდენიმეჯერ იყო დაკავებული ქურდობისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის. კულმინაციად მიიჩნევა 2007 წელი, როდესაც ფლოიდს ძარცვისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ფლოიდი სასჯელაღსრულების ადგილობრივი სამინისტროს რეინტეგრაციის პროგრამაში მონაწილეობდა.


როგორც ფლოიდის ოჯახის წევრებმა ჰიუსტონის მედიას უთხრეს, ფლოიდი 2018 წელს ჩავიდა მინესოტაში. ეს მას ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციის პროგრამაში დასაქმებულმა მეგობრებმა ურჩიეს. როგორც ფლოიდის მეგობრები ყვებიან, ის „ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა“. მინესოტაში ფლოიდი საქველმოქმედო ორაგანიზაციაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. შემდეგ იყო სატვირთოს მძღოლი და დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მას „დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ. ისევე, როგორც სხვა ბევრმა ამერიკელმა, ფლოიდმაც სამსახური კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკარგა.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა