ტექნიკური უნივერსიტეტის ლოჯისტიკის პროგრამის სამი სტუდენტი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

  • 30 აპრილი 15:56

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (TH Wildau) და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) პროგრამის ერთობლივმა კომისიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ლოჯისტიკის გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ორ სტუდენტს DAAD-ის სასწავლო სტიპენდიები მიანიჭა, რითაც მათ გერმანიაში სწავლა დაუფინანსდებათ.

გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტოლებით, გერმანიაში მობილობით სწავლას ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთ სტუდენტი გააგრძელებს", - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.


ამავე ინფორმაციით, ერთობლივი კომისიის სხდომას, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, პროგრამის გერმანული მხარის ხელმძღვანელი, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკ გილერტი თავმჯდომარეობდა. DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის ლოჯისტიკის გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მეშვიდე და მერვე სემესტრებში სწავლა ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გააგრძელონ.


ამჟამად, TH Wildau-ში სწავლას სტუ-ის ლოჯისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთი სტუდენტი აგრძელებს. გერმანიის უნივერსიტეტების ხუთეულში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის - TH Wildau-ს სასწავლო პროგრამა მოიცავს, როგორც ლექციების კურსს, ასევე პრაქტიკას გერმანულ საწარმოებში.


სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ ქართველი სტუდენტები მიიღებენ TH Wildau-ს ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომს ლოჯისტიკაში. ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოჯისტიკაში 2015 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა ორდიპლომიანია და მას გერმანელ და ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა გუნდი ერთობლივად უძღვება.


ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ლოჯისტიკის დეპარტამენტისა და TH Wildau-ს ორი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტის მიერ. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროგრამას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი გიორგი დობოჯგინიძე ხელმძღვანელობს.


ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau) ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებით მეორე ადგილზეა გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის. TH Wildau ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე, უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზეა ფოკუსირებული; სამეცნიერო-კვლევითი კუთხით კი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა: Daimler, BMW, Siemens, Sony, Fujitsu, ABB.