ინფექციური საავადმყოფოს ახალი ყოველდღიურობა

  • 14 აპრილი 14:25

ჯიპიაი ჰოლდინგი Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის ანაზღაურებას გაუორმაგებს.

ბევრმა ჩვენგანმა სადეზინფექციო ხსნარები სახლისთვის პირველად იყიდა და ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი სპეციალურ პროცედურებს ვუტარებთ ავეჯს, ნივთებსა თუ მაღაზიიდან მოტანილ პროდუქტს.


დეზინფექციის გაათმაგებული ზომები ჩვენს ცხოვრებაში ბოლო თვე-ნახევარია კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად შემოიჭრა, თუმცა, ამ მხრივ, ყოველდღიურობა უმცროსი ექთნების შემთხვევაში, დიდად არ შეცვლილა.


ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უმცროსი ექთანი, ნანა ვანიშვილი, COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დღეში უკვე ოთხჯერ ატარებს დეზინფექციას განყოფილებაში: იატაკები, სახელურები, კედლები, კარი, კაბინეტები და, რა თქმა უნდა, პალატები სპეციალური წესით მუშავდება.


24-საათიანი მორიგეობა დროის მხრივ არ შეცვლილა, თუმცა დატვირთულობის ხარისხი ერთი ორად გაიზარდა. ადრე თუ დილა-საღამოს ევალებოდა სადეზინფექციო პროცედურების ჩატარება, თანაც სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ახლა ამ საქმიანობას დღე-ღამეში 4-ჯერ ასრულებს. ამას ყველა პაციენტთან შესვლა-გამოსვლის დროს ყოველ ჯერზე რეზინის კომბინეზონისა თუ სხვა დამცავი საშუალებების გახდა-ჩაცმაც ემატება.


„მშვიდი და კარგი ძილი მენატრება, დასვენება მენატრება, თანამშრომლები მენატრებიან. დისტანციას შიგნითაც ვიცავთ. ადრე თუ მოვიკითხავდით ერთმანეთს, ახლა შორიდან ვესალმებით და მორჩა“, - ამბობს ნანა.


მისი ჩვეულებრივი ცხოვრება ოჯახშიც ძალიან შეიცვალა. ოჯახის წევრებს, ფაქტობრივად, ვეღარ ხედავს. დასვენების საათებს მარტო, ორსართულიან კერძო სახლის პირველ სართულზე ატარებს. დანარჩენები კი მეორე სართულზე არიან.


„საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი შორიდან ვესალმები, მაქსიმალურად ვიცავთ წესებს და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. დეიდა გარდამეცვალა, მაგრამ ვერც გასვენებაში წავედი, ვერც - პანაშვიდებზე. პანაშვიდები, ფაქტობრივად, არც ყოფილა, მაგრამ მაინც, პატივი ვერ ვეცი. მე რომ წავსულიყავი და რამე გადასდებოდა ჩემი მიზეზით ვინმეს, მე ვიქნებოდი დამნაშავე“, - გვიხსნის ნანა.


შვილებისა და მეუღლის გარდა, პატარა შვილიშვილიც ჰყავს, 8 წლის გოგონა. მარიამმა უკვე იცის, რომ საქართველოში ეპიდემიაა და თავი მაქსიმალურად უნდა დაიცვას. ამიტომაც გარეთ იშვიათად გადის. თუმცა, თუკი მაინც მოუწია გასვლა, არასოდეს ავიწყდება დამცავი ხელთათმანისა და ნიღბის მორგება.


„ჩემი შვილიშვილი ყველაზე მეტად მენატრება, მან იცის, რომ სამსახურიდან მოსულ ნანა ბებოს არ უნდა ჩაეხუტოს, შორიდან უნდა მოეფეროს, იმიტომ რომ ახლა ასეა საჭირო“, - აღნიშნავს ნანა.


თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობა და ერთმანეთის გაფრთხილება უმნიშვნელოვანესია. ნათესავები, ახლობლები ხშირად ურეკავენ და ყველას მოთმინებით უხსნის, რომ პანიკა საჭირო არაა; რომ ერთადერთი, რაც ყველას ევალება, იზოლაციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანაა, რაც არცთუ ისე რთული შესასრულებელია. ასე ხომ იმიტომ ვიქცევით, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს.


„ყველაზე მეტად მაშინ გავბრაზდი, როცა ჭორად გავრცელდა, თითქოს ვიღაც გარდაიცვალა და ვმალავდით. არ შეიძლება ასეთი ამბების აყოლა, ისედაც დაზაფრული და შეშინებულია ხალხი“, - ამბობს ნანა.


პირველ ინფიცირებულ პაციენტსაც სწორედ მან გაუშალა პალატა. კორონავირუსიან პირს უკვე შესაბამისად აღჭურვილი და მომზადებული პერსონალი დახვდა.


„სხვათა შორის, პირველი დაინფიცირებული პირველივე გამოჯანმრთელებულიც იყო. ამიტომაც მასთან ფოტოს გადაღებაც მინდოდა, თუმცა თავად უარი თქვა“, - სიცილით იხსენებს ნანა და აღნიშნავს, რომ მისი ამბავი არასოდეს დაავიწყდება.


გარეთ უფრო მეტია პანიკა. უფრო მეტია პასუხგაუცემელი კითხვა ან, პირიქით, უპასუხისმგებლო საქციელი საზოგადოების მიმართ. შიდა სამზარეულოში კი ყოველდღიური ბრძოლა უფრო მკაფიოდ ჩანს. გუნდი თავის საქმეს მუხლჩაუხრელად ასრულებს. განყოფილების გამგე, უფროსი ექთანი, დირექტორი და მთელი მედპერსონალი - ამ ადამიანებს ნანა სათითაოდ უხდის მადლობას.


„ხშირად არ მდომებია სახლში წასვლა. მინდა, ჩემს გუნდთან ერთად ვიყო, თუმცა ნებისმიერი ჩვენგანის სახლში წასვლა და დასვენება ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნანა.


მიუხედავად მძიმე პერიოდისა, ხალხის უმცირესი ყურადღებაც კი მთელ პერსონალს ერთნაირად აბედნიერებს. ერთმანეთის გვერდში დგომა და რიგითი მოქალაქეების ჩუმი მხარდაჭერა - სწორედ ასე დგას დღეს ფრონტის წინა ხაზზე ინფექციური საავადმყოფო.