პროკურატურაში მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • 20 აპრილი 22:20

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.


20 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი. გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.