პრეზიდენტმა 19 თავისუფლება აღკვეთილი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
- pia.ge
- 25 აპრილი 19:22, 2019 წელი
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან, 2 ქალბატონია.
პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადება დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული. აქედან, 2 ქალბატონი.
21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.